გატაცება საოკუპაციო ხაზიდან

რუსეთი პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობს. ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. მამუკა ჩხიკვაძე სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან გუშინ გაიტაცეს. 40 წლის მამაკაცს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ის სავარაუდოდ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

გატაცებულის ახლობლები ჰყვებიან, რომ მამუკა ჩხიკვაძეს დედა გარდაეცვალა და სავარაუდოდ, სასაფლაოზე იმყოფებოდა, რა დროსაც შესაძლოა, ის შემთხვევით მოხვდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ქართულმა მხარემ უკვე მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. გააქტიურებულია ცხელი ხაზი.