გასაუბრება მოსამართლეებთან

მოსამართლეობის მსურველ 10 კანდიდატს გაესაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

კანდიდატებს შორის იყვნენ როგორც გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეები, ასევე საბჭოს მოქმედი წევრები და უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები.

მოსამართლეობის მსურველმა სამმა კანდიდატმა პროცედურის დახურვა მოითხოვა. გასაუბრების პროცესი ასევე დახურა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ და იუსტიციის საბჭოს წევრმა, ვასილ მშვენიერაძემ. მშვენიერაძემ საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აიცილა. მისი განმარტებით, დოლიძის მიერ გაკეთებული განაცხადებები, სადაც მას კლანის წევრად მოიხსენიებს – შეურაცხმყოფელია. გადაწყვეტილებას ანა დოლიძე საბჭოში არსებული ერთადერთი კრიტიკული ხმის გაჩერებად აფასებს, ვინაიდან მეორე არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დღევანდელ გასაუბრებას არ ესწრებოდა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 80 კანდიდატს რამდენიმე დღის განმავლობაში გაესაუბრება. რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, პროცესი კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ დაიწყება.