გარიგებებში ეჭვმიტანილი საფეხბურთო გუნდები

გარიგებებში ეჭვმიტანილი საფეხბურთო გუნდები ეროვნული ლიგა 2-დან მოკვეთეს. ზუგდიდის „დინამო“ და თბილისის „შევარდენი“ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან მოხსნეს და დაბალ ლიგაში დააქვეითეს, ორივე გუნდის რამდენიმე მოთამაშეს კი სხვადასხვა ვადით თამაში აუკრძალეს. უპრეცედენტო სასჯელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გამოიტანა. ფეხბურთის ფედერაციის გავრცელებულ ცნობაში მითითებულია, რომ ამ გუნდების საკითხი უეფადან გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით მიღებული რეპორტის საფუძველზე განიხილეს. უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის ანგარიშის გარდა, სადისციპლინო კომიტეტი გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სფფ-ის სპორტული სამართლიანობის სამსახურის მენეჯერის შედგენილ მოხსენებით ბარათსა და მატჩების საეჭვო ეპიზოდების ვიდეო ჩანაწერს. მომხდარზე კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა.​