გარემოს დაცვის სამინისტრომ ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა

გარემოს დაცვის სამინისტრომ ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც მწვანე პოლიტიკის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. პორტალზე ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს, უწყვეტად, რეალურ დროში და მისთვის გასაგები ინდექსებით მიიღოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ საქართველოს ყველა იმ ქალაქიდან, სადაც ჰაერის ხარისხზე დაკვირვება მიმდინარეობს.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან, რომ საქართველოს ატმოსფერული ჰაერის მონაცემები ჰაერის ხარისხის ევროპულ პორტალზეც იყოს ხელმისაწვდომი.

შეხვედრას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.