გარდაიცვალა ჯონ მაკკეინი

ამერიკელი სენატორი, ჯონ მაკკეინი, რომელსაც ტვინის სიმსივნე ჰქონდა, რამდენიმე საათის წინ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვიეტნამის ომის გმირს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს. 24 აგვისტოს კი გავრცელდა ცნობა, რომ რესპუბლიკელმა სენატორმა სპეციალური მკურნალობის კურსის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამერიკელი სენატორი არიზონას შტატში, საკუთარი ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ჯონ მაკკეინს სენატში სავარძელი 6-ჯერ ეკავა. იბრძოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, დაკრძალვის ცერემონია ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართება, რის შემდეგაც ჯონ მაკკეინს მერილენდის შტატში, ანაპოლისში დაკრძალავენ.

უკვე ცნობილია, რომ ამერიკელი სენატორის დაკრძალვის ცერემონიაზე ბარაქ ობამა და აშშ-ის 43-ე პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში სიტყვით გამოვლენ. გლოვის ნიშნად კი ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, კაპიტოლიუმსა და თეთრ სახლში დროშები დაეშვება.