გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე

ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ფეხბურთელის, 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახმა. ფეხბურთელის მამის, გაიოზ ჩარკვიანის თქმით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვერც ერთი ორგანიზმი გაუძლებდა პრეპარატების იმ დოზებს, რაც ვახტანგ ჩარკვიანს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუკეთეს. ექსპერტიზაში აღნიშნულია, რომ პრეპარატები, რომელიც ფეხბურთელს დიდი დოზით გაუკეთდა, სასუნთქ გზებზე გართულებებს, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას, კომასა და ბიოლოგიურ სიკვდილს გამოიწვევდა. ექიმების დაკავების მოთხოვნით, გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ აქცია ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურატურასთან კიდევ ერთხელ გამართა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი, რომელსაც ბრალი პროკურატურამ ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე წაუყენა, დაკავებული არ არის. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პაციენტის სამედიცინო ისტორიაზე ხელი არასწორად მოაწერა, რასაც კლინიკაში შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობით ხსნის. ადვოკატი არ გამორიცხავს სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართოს.