„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ ანგარიში

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ ანგარიშით საქართველოში შუალედური არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა.

ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 12 ოლქში მათი 120 წარმომადგენელი აკვირდებოდა, რომელთა შეფასებითაც, საერთო ჯამში, არჩევნები ხარვეზების გარეშე წარიმართა, თუმცა იყო რიგი პროცედურული დარღვევები.

ჩაჩავას თქმით, ინციდენტი მოხდა მარნეულის 22-ე ოლქში, სადაც მათ წარმომადგენელს უცხო პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გაიქცა. ცენტრის წარმომადგენლები მზად არიან ამ შემთხვევაზე შსს-თან ითანამშრომლონ.

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ არჩევნების შეჯამებამდე პროცესების მონიტორინგს განაგრძობს და შედეგებს უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას.