განსხვავებული პოზიციები საპრეზიდენტო კანდიდატზე

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე მმართველ გუნდში შესაძლოა, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს. მიზეზი, საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული აზრთა სხვადასხვაობაა. კონსულტაციების დასრულების და საერთო პოზიციის გამოცხადების მიუხედავად, დეპუტატთა ნაწილს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატისადმი მხარდაჭერის იდეა არ მოსწონს და უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს. მათ შორისაა დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება” საარჩევნო კამპანიაში საკუთარი კანდიდატით უნდა ჩაერთოს. თუ გუნდში მიღწეული შეთანხმება ძალაში დარჩება, მაშინ მმართველ პარტიას არჩევნებზე კანდიდატი არ ეყოლება. თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს სახელისუფლებო გუნდი. „ქართული ოცნება” ჯერ ყველა კანდიდატის პროგრამის გაცნობას ელოდება.