განსხვავებული პოზიციები პრეპარატ „ვოზორიდიტთან“ დაკავშირებით

პროტესტი არ წყდება – აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან.

პრემიერთან შეხვედრა და პრეპარატ „ვოზორიდიტით“ მკურნალობის სახელმწიფოს მიერ დაფინანსება მთავარი მოთხოვნებია. უცვლელია ხელისუფლების პოზიციაც. იმ არგუმენტით, რომ ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილ წამალს სახელმწიფო ჯერ არცერთ ქვეყანაში არ აფინანსებს და პარალელურად შესაძლო გვერდით მოვლენებზე პრეპარატის კვლევა არ დასრულებულა, მთავრობა მედიკამენტის დაჩქარებული წესით შესყიდვას და დაფინანსებას ამ ეტაპზე არ აპირებს და ჯანმო-ს რეკომენდაციას და ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილებას ელოდება. რამდენად უსაფრთხოა ამერიკის და ევროპის მარეგულირებლების მიერ დაჩქარებული წესით უკვე ავტორიზებული პრეპარატი, – ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა ექიმებს შორისაც, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილ სამუშაო ჯგუფში არიან ჩართული.