განცხადებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე

ინკვიზიციური და შეურაცხმყოფელი აქტი,- ასე აფასებს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი პარლამენტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა სტატუსის განსაზღვრის შესახებ ინიცირებულ პროექტს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მსგავსი იდეა თავში არც ედუარდ შევარდნაძეს და არც მიხეილ სააკაშვილს მოსვლიათ.

პრეზიდენტის მტკიცებით, ადმინისტრაციაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ საქმეს პოლიტიკური პრეფერენციების გარეშე, პროფესიონალურად ყველა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასრულებდნენ.

სადავო ცვლილებების პროექტი, რომელიც ოპოზიციის შეფასებით, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილისთვის მომზადდა, საკანონმდებლო ორგანოდან შეიძლება გაიწვიონ.

უმრავლესობაში ამ ინიციატივაზე აზრი ორად იყოფა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შეთავაზება წინააღმდეგობაში მოდის აქამდე მიღებულ კანონთან. გიორგი კახიანი ცვლილებების არსებულ ვარიანტს მხარს არ დაუჭერს.

საკითხს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეოგრანიზაციის ჩატარების აუცილებლობაზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ ამის განხორციელება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შეცვლის გარეშეც შეიძლება.