განცხადებები სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან ახალ მიმართვას ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი მისი მკვლელობის გეგმაზე საუბრობს და დღეიდან მკურნალობასა და რეანომობილით მომსახურებაზე უარს ამბობს. გამონაკლისი იქნება მხოლოდ ის წამლები, რომლებიც შიმშილობას არ უკავშირდება. ექს-პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვაზე საუბრობს უკრაინის სახალხო დამცველიც, რომელიც დღეს პატიმარს პირადად შეხვდა. ლუდმილა დენისოვა ქართველ კოლეგაზე დაყრდნობით სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მომხრეა. ხელისუფლებას ანალოგიური მოთხოვნით მიმართავს „ევროპის სახალხო პარტიაც“. ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებს და მუდმივ სამედიცინო კონტროლს ითხოვს უკრაინელი ექიმიც, რომელიც მკურნალობასა და ანალიზებზე უარის შემთხვევაში სააკაშვილის დამძიმების გაზრდილ რისკებზე საუბრობს. უცვლელია ხელისუფლების პოზიცია – მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა ექიმთა ჯგუფის მიერ მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და საჭიროების შემთხვევაში ციხის საავადმყოფოში ყველა კვლევა და პროცედურა ჩაუტარდება.