განცხადებები ბრიუსელში – თბილისის პოზიცია
ქართული ოპოზიციის ნაწილი სწორედ ეუთო-ს ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შინაარსს უკავშირებს განხილვას, რომელიც დღეს ბრიუსელში მიმდინარეობს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოში არსებულ სიტუაციაზე მსჯელობაცაა. დაძაბული ურთიერთობის, პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტის, ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუციების და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფონზე, ევროკავშირი საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს. საბჭოს სხდომამდე ცალკეული მინისტრების მხრიდან გაკეთდა განცხადებები ევროპული გზიდან გადახვევის, არასწორი საგარეო კურსის და შემაშფოთებელი ვითარების შესახებ. კრიტიკული შეფასებების დროს ამჯერადაც ბალტიისპირეთის ქვეყნები აქტიურობდნენ. „განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გავაკეთოთ“ – ასეთია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის გზავნილი.