შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. კიდევ 12 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია უწყებამ გუშინ გაავრცელა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დგინდება, რომ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს აქციის ორგანიზატორებთან ერთად, პრეზიდენტის სასახლის ჯებირები შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ამ დროსთვის ჯამში 36 პირია დაკავებული.