განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
4 ოქტომბრის საქმის ფიგურანტთა წრე ფართოვდება. ციხიდან გამოსვლიდან სამწელიწადნახევრის შემდეგ ბაჩო ახალაია ისევ დაკავებულია. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ცოტა ხნის წინ მისსავე საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. დაპატიმრებას წინ რამდენიმე საათიანი საგამოძიებო მოქმედებები უძღოდა. 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენებიდან რამდენიმე დღეში ახალაიას გამომძიებლების შეკითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა. მაშინ საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზი ის აუდიო ჩანაწერი გახდა, რომელშიც თვითმმართველობის არჩევნების დღეს დაგეგმილი აქციის დროს მოვლენების განვითარების სცენარზე და არეულობაზე იყო საუბარი. მაშინ ექს-თავდაცვის მინისტრმა 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის ორგანიზება კატეგორიულად უარყო და ჩანაწერის ხმა ფალსიფიცირებულად გამოაცხადა.