განცხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. შტაბის წარმომადგენლის, ანი წითლიძის განცხადებით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 15 უბანში გადასატან ყუთში 150-მდე ჯანმრთელი ადამიანის სიაა ნაპოვნი. წითლიძის თქმით, ეს ადამიანები ან „ქართული ოცნების“ წევრები არიან, ან მერიის თანამშრომლის ოჯახის წევრები. წითლიძემ ჟურნალისტებს ვიდეოკადრებიც წარუდგინა, სადაც, სავარაუდოდ, მერიის ერთ-ერთი თანამშრომლის მშობლები არიან ასახული, რომლებიც ერთ-ერთი უბნის გადასატანი ყუთის სიაში მოხვდნენ, თუმცა, წითლიძის თქმით, ისინი სრულიად ჯანმრთელები არიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისმა 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ საკითხზე 11 საჩივარი შეიტანა. კომისიაში ენმ-ის კიდევ 30-მდე საჩივარია შესული უბნებზე დარღვევებთან დაკავშირებით. ზუგდიდის N 67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განცხადებით, საუბნო კომისიები სწავლობენ თითოეულ პირს, ვინც გადასატანი ყუთით არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა.