განცხადება კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“  

მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია ხმებისა და ინტერესების მრავალფეროვნება, ვფიქრობ, ბოლო თვეებში საქართველო ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე, „საქართველო და სამეზობლო“ განაცხადა.

ელჩი კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელების მოსაზრებებს გამოეხმაურა და საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, როგორც კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგუნმა თქვა, საქართველოში აქტიური დემოკრატია და  დასავლეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის ვალდებულება აშშ-საქართველოს ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია. მისივე თქმით, ფაქტი, რომ საქართველო განიხილება რეგიონში ლიდერად, იმის დამსახურება და ნიშანია, რაც ქვეყანამ ვალდებულების შესრულებით მიიღო.