განცხადება „ფრონტერას“ წინააღმდეგ

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი კონგრესმენებს, სენატორებსა და აშშ-ს ელჩს საქართველოში წერილით მიმართავს. ქართველი დეპუტატი წერილში კომპანია „ფრონტერას“ საქმიანობაზე საუბრობს. ნაცვლიშვილმა კომპანიის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ 11 თვეა, მათ კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ.

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკელი კონგრესმენები მათი ქვეყნის ბიზნესკომპანიების ინტერესებს ბრმად არ უნდა იცავდნენ და პირიქით, კომპანიებს საკუთარი ვალდებულებების შესრულებისკენ უნდა მოუწოდებდნენ. კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ საუბარია 84 დასაქმებულზე და დაახლოებით მილიონლარიან დავალიანებაზე. ისინი სამსახურიდან გასული წლის 17 დეკემბერს მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც საპროტესტო აქცია გამართეს. კომპანიის ყოფილი თანამშრომლები სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ და დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, საქმეს არბიტრაჟი სახელმწიფოსა და კომპანიას შორის იხილავს.