განცხადება აშშ-ის სენატში

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში აცხადებს, რომ სულ უფრო მეტად შეწუხებულია საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯების გამო. ამის შესახებ მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტზე კარენ დონფრიდის მოსმენის დროს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში 50-ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს, უზენაეს სასამართლოში კი რამდენიმე მოსამართლე დანიშნეს, რაც 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

როგორც რიშმა აღნიშნა, ის და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულები არიან იმით, რაც საქართველოში ხდება. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწის პოსტზე კანდიდატმა კარენ დონფრიდმა განაცხადა, რომ თანამდებობის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში გააგრძელებს ძალისხმევას 19 აპრილის შეთანხმების სრული და სწრაფი განხორციელებისთვის.