განათლების სამინისტროს განცხადება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ეხმაურება. უწყების ცნობით, „სასწავლო პროგრამიდან არცერთი ნაწარმოები ამოუღიათ, ხოლო ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო ლიტერატურას. მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა დაცული იყოს თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა“. – ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან ამოღებულია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ნაწილი, ასევე სრულად ალექსანდრე ჭავჭავაძე, ალექსანდრე ყაზბეგი, პოლიკარპე კაკაბაძე და პაოლო იაშვილი.