საქართველოს მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა.
შესაბამის განკარგულებას ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. დოკუმენტში საუბარია ზოგადი განათლების ეროვნულ ინტერესებზე, ასევე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. პრიორიტეტებს შორის დასახელებულია მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების შექმნა, მასწავლებელთა კვალიფიკაცია და პროფესიული განვითარება, ასევე მოსწავლეზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა.
განათლების რეფორმის კონცეფცია სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. ცვლილებების თანახმად, დაინერგება ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი. სასკოლო კრებულებს განათლების სამინისტრო შეიმუშავებს, 2026-27 სასწავლო წლიდან სკოლებში დაწყებითი საფეხურის, ანუ I-დან VI კლასების ჩათვლით, მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება ფორმის ტარება. შემუშავდება მობილური ტელეფონების გამოყენების წესიც. მე-11 კლასში უზრუნველყოფილი იქნება რეპეტიტორიუმი, ამასთან, 12 კლასის დამთავრება ნებაყოფლობითი გახდება და ის წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე წარიმართება. ცვლილება 2026-2027 სასწავლო წელს მხოლოდ დიდ ქალაქებს შეეხება.
პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ რეფორმას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციასა და დარგის სპეციალისტების ნაწილში.