განათლების რეფორმის განხილვა პარლამენტში

12:09, 04.02.2026

განათლების კომიტეტზე ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებზე დილიდან მუხლობრივად იმსჯელეს და მხარი მეორე მოსმენითაც დაუჭირეს. დღესვე სესიაზე მეორე მოსმენით მსჯელობა გაგრძელდება. კანონპროექტების განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ზოგადი განათლების კანონში ცვლილებების მიხედვით, მე-12 კლასი ნებაყოფლობითი ხდება, მე-11 კლასი კი ორიენტირებული იქნება ეროვნული გამოცდებისთვის მზადებაზე. 1-6 კლასებში სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც სამინისტრო დაამტკიცებს.

ცვლილებების მიხედვით, გაუქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი. მობილური ტელეფონების გამოყენება კი სასწავლო პროცესში შეიზღუდება. კანონპროექტით აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა. ასევე, დარეგულირდება აღნიშნული თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები. ზუსტდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო.

 

 

მსგავსი