განათლების რეფორმა - პრემიერის შეხვედრა ბიზნესთან

კვალიფიციური კადრების დეფიციტი კერძო სექტორში – გამოწვევა, რომელზედაც ბიზნესი წლებია საუბრობს, დღეს პრემიერთან შეხვედრის მთავარი თემა იყო. მთავრობის მეთაურმა ბიზნეს-ასოციაციის წევრებს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია გააცნო.

მხარეები თანხმდებიან, რომ განათლების კონცეფცია შრომითი ბაზრის მოთხოვნებს უნდა ერგებოდეს და უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება შრომის ბაზრის ანალიზს ეფუძნებოდეს. ბიზნესი მზად არის, რომ ამ ანალიზის და რეფორმის მომზადების პროცესში ჩაერთოს. სახელდება ის პროფესიებიც, რომლებზეც კერძო სექტორში განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა, თუმცა ახალგაზრდებისგან ნაკლები დაინტერესება. მათ შორისაა ტექნიკური სპეციალობები, სტუმარმასპინძლობის, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სფეროები. კონკრეტულ სფეროებში საკადრო დეფიციტის გამოსავლენად და საგანმანათლებლო პროგრამების შრომით ბაზარზე მაქსიმალურად მოსარგებად კონკრეტული გზამკვლევის მომზადებაც იგეგმება.