განათლების რეფორმა – განხილვა საპარლამენტო კომიტეტზე
დღეს პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყო „ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვები. განათლების კომიტეტზე ცვლილებები განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ წარადგინა. დეპუტატების განსაკუთრებული ინტერესი სკოლებში დაგეგმილმა ცვლილებებმა გამოიწვია. ამ ცვლილებების მიხედვით, მე-12 კლასი ხდება ნებაყოფლობითი, მე-11 კლასში კი – აქცენტი გაკეთდება ეროვნული გამოცდებისთვის მზადებაზე. განმარტებითი ბარათის თანახმად, ზოგადი განათლების ერთ-ერთი გამოწვევაა საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი. ამიტომ უქმდება სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება და თითოეული კლასის საფეხურზე სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოები საერთო იქნება. მე-6 კლასის ჩათვლით ფორმების ტარება სავალდებულო ხდება. მობილური ტელეფონების გამოყენება კი სასწავლო პროცესში შეიზღუდება. არის კიდევ ერთი სიახლე: პირველ კლასში დაიშვებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.