განათლების რეფორმა - დისკუსია და პოზიციები

ყველამ უნდა გადადოს გვერდზე საკუთარი სუბიექტური ინტერესები, – ასეთია პრემიერ-მინისტრის პოზიცია თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების თაობაზე. რექტორებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სენატის წარმომადგენლებთან განათლების მინისტრის შეხვედრის შედეგებს მთავრობის მეთაური გივი მიქანაძისგან პირადად მოისმენს.

ხუთსაათიანი დიალოგის ერთადერთი მიღწევა კოლეგიალური საბჭოს შექმნის გადაწყვეტილებაა, რომელშიც ორივე უნივერსიტეტი თანაბრად იქნება წარმოდგენილი. საბჭო უმაღლესი სასწავლებლების შერწყმის პროცესს გაუწევს კოორდინაციას, განათლების მინისტრი კი ვარაუდობს, რომ გაერთიანება ეტაპობრივად კოლეგიური მმართველობის პრინციპით წარიმართება და დაახლოებით ორ წელიწადს გაგრძელდება.