განათლების მინისტრის განცხადება

2019 წლის სექტემბრიდან უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე ყველა პედაგოგის ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. განცხადება ამის შესახებ დღეს განათლების მინისტრმა გააკეთა. მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, პედაგოგებს, რომლებიც ზაფხულში გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავენ, შესაძლებლობა ექნებათ გამოცდაზე მეორედ ექვს თვეში გავიდნენ, მათ გადამზადებას კი მასწავლებელთა სახლის ტრენინგცენტრი უზრუნველყოფს. ამასთან, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების და სტატუსის ამაღლების სურვილი, ექნებათ საშუალება, მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი და მათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი შეუნარჩუნდებათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. დღეს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ სიახლეებთან დაკავშირებით განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები. რაც შეეხება მასწავლებელთა რეგისტრაციას, ის დღეიდან დაიწყო და 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება.