საქართველო ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს, რაც პეკინში იმართება. ქართულ დელეგაციას მინისტრი, გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ღონისძიებაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მიწვევით იმყოფება. კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე, მინისტრმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს განათლების სისტემის რეფორმაზე, დანერგილ სიახლეებსა და ჩინური ენის სწავლების ხელშეწყობაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივები განიხილეს. მსოფლიო კონფერენციაში 160 ქვეყნის განათლების მინისტრები, საგანმანათლებლო სფეროს ლიდერები და უნივერსიტეტების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენცია ორდღიანია და მისი ერთ-ერთი მთავარი თემა, განათლების სისტემებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვაა.