განახლებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა
თბილისიდან ბათუმამდე მატარებლით მგზავრობის დრო საათნახევრით შემცირდა.
დედაქალაქიდან ზღვისპირა ქალაქში ჩასვლა ხუთსაათნახევრის ნაცვლად, ოთხ საათშია შესაძლებელი. მგზავრობის დროის შემცირება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განახლებას და მოდერნიზაციას უკავშირდება. პირველი რეისი უკვე შესრულდა. განახლებული გრაფიკით, რიგით მოქალაქეებთან ერთად იმგზავრეს ქვეყნის პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა. ბათუმში ჩასვლის შემდეგ მთავრობის ხელმძღვანელი პორტშიც მივიდა, სადაც საკონტეინერო და სასუქების ტერმინალები დაათვალიერა. მოგვიანებით პრემიერი ბათუმის საზღვაო აკადემიაშიც იმყოფებოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ირაკლი კობახიძე ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო პროექტებს გაეცნო.