განაჩენი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე
ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის ფიგურანტებს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
ძმები გიორგი და დავით მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე – სამივე მათგანი საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით და შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ სცნო. დავით მიქაძეზე ძებნაა გამოცხადებული. მისმა ძმამ დღეს სასამართლო დარბაზში საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა და დანაშაულის ჩადენა კატეგორიულად უარყო. ადვოკატები საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებენ და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ. თავის მხრივ ბრალდებას კონკრეტული ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და ვიდეო მასალებით ამყარებს პროკურორი, რომელიც დანაშაულის მოტივზეც მიუთითებს. საქმის კიდევ ერთი ფუგურანტია ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც იგივე ბრალდება აქვს წაყენებული, თუმცა მისი საქმე ცალკეა გამოყოფილი. რა მტკიცებულებები დევს საქმეში და რით ამყარებს ბრალდების მხარე შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას: ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაური მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დააკავეს, დანაშაულის შემკვეთები და ორგანიზატორები კი პროკურატურამ ცხრა თვის წინ დაასახელა.