ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის ფიგურანტები სასამართლომ დამნაშავეებად მიიჩნია. პედაგოგ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. „სასამართლომ ვერ მოისმინა სინანული და ბოდიში, ტელეფონი არ არ გამოიყენეს სასწრაფოში დასარეკად და გამოიყენეს ვიდეოს გადასაღებად. ყველაფერი, რაც მოვისმინეთ, სისასტიკეზე მიუთითებს“ – ეს არის ნაწყვეტი მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის განცხადებიდან, რომელმაც დღეს ათი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს – მათ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავებოდნენ. დემეტრე ჩიქოვანის პატიმრობა კი ექვსი წლითა და ცხრა თვით განისაზღვრა – მას ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში ედება ბრალი. გამოძიების მასალების მიხედვით, შეყვარებულისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ ალექსანდრე გაბაშვილმა მეგობრებთან, გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად ავალიანზე თავდასხმა გადაწყვიტა, რაც წინასწარ დაგეგმა და გეგმის შესრულების ადგილიც შეარჩია. საგამოძიებო მასალების მიხედვით, თავდასხმა 29 სექტემბერს იგეგმებოდა, რაც ვერ მოხერხდა, ორ დღეში, პირველ ოქტომბერს კი ზღვის უბნის დასახლებაში მასწავლებელს ჯგუფურად დაესხნენ თავს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. ახალგაზრდა პედაგოგი სამი კვირის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.