გამწვავებული ურთიერთობა უკრაინა-უნგრეთს შორის 

ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკიდურესად მწვავდება უკრაინასა და უნგრეთს შორის.

ზელენსკის მხრიდან ორბანის მისამართით მუქარის შემცველი გზავნილის შემდეგ დაძაბულობის ზრდის მიზეზი ხდება უნგრეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ოპერაცია. კიევი ევროკავშირის წევრ უნგრეთს უკრაინის სახელმწიფო ბანკის შვიდი თანამშრომლის გატაცებასა და მძევლებად აყვანაში ადანაშაულებს. საუბარია იმ პირებზე, რომლებსაც ოფიციალური ბუდაპეშტი ფულის სავარაუდო გათეთრებას ედავება. უნგრული მხარის მონაცემებით, დაკავებულებს შორის უკრაინელი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნებიც არიან. უნგრეთი დანაშაულებრივ სქემაზე მიუთითებს, რომლის მიხედვით უნგრეთის გავლით უკრაინაში საერთო ჯამში 900 მილიონი დოლარი, 420 მილიონი ევრო და 146 კილოგრამი ოქრო გადაიტანეს. თანხების კანონიერად მოძრაობაზე და ავსტრიის ბანკთან შეთანხმებაზე საუბრობს კიევი, რომელიც ბრიუსელისგან რეაგირებას ითხოვს. ვნებათაღელვა არ ცხრება ორბანის მისამართით უკრაინის პრეზიდენტის ორი დღის წინანდელ განცხადებაზეც, რომელიც დღეს ევროკომისიამაც დაგმო. მილსადენ „დრუჟბას“ საშუალებით ნავთობის ტრანზიტის საკითხი ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება.