გამოთხოვება ბადრი ვადაჭკორიასთან
ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი და ჟურნალისტი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობის მანძილზე რვა მილიონამდე ფოტო გადაიღო და ქვეყანას ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დაუტოვა. მის ობიექტივში მოხვდა საქართველოს ყველა კუთხე, ადგილობრივთა ყოფითი ცხოვრება, არაერთი ცნობილი და თავის სფეროში აღიარებული ადამიანი, ისტორიული ადგილები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ჰქონდა გამორჩეული ხედვა და შექმნა უნიკალური ფოტომატიანე, რასაც საქართველოსა და დედაქალაქზე გამოცემულ 20 საიმიჯო ალბომში მოუყარა თავი. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე და არაერთი ჯილდოს მფლობელი.