გამოკითხვა ქვემო ქართლის პროკურატურაში

16 წლის მოზარდმა ის სამართალდამცველები ამოიცნო, რომლებიც მისი მტკიცებით, მასზე ძალადობაში მონაწილეობდნენ. ქვემო ქართლის პროკურატურაში მოზარდის გამოკითხვა გუშინ 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამოცნობილ პირებს შორის მოზარდმა ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი დაასახელა, რომელიც პროკურატურამ გუშინ დააკავა. მეორე ამოცნობილი კი ის პოლიციელია, რომელიც მოზარდის მტკიცებით, მას სექსუალური ძალადობით აშინებდა.

16 წლის მოზარდი ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობისთვის დააკავეს. დაკავებული ამბობს, რომ პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც სასტიკად გაუსწორდნენ.