გამოკითხვა პროკურატურაში

მთავარ პროკურატურაში გამოძიების შეკითხვებს ამ წუთებში ცესკო-ს კიდევ ერთი წევრი პასუხობს.

მანამდე გამოკითხვაზე თითქმის 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან“ – არჩილ ანასაშვილი. საქმე ეხება პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერთა სიების შესაძლო გაყალბების ფაქტს. ცესკო-ს ინფორმაციით, ნიკა მაჭუტაძის მოძრაობის, – „სახელმწიფო ხალხისთვის“, – მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მონაცემები და ხელმოწერა დაფიქსირდა. თუმცა, ცესკო-ს ცნობით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება მამუკა ბახტაძის საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.

ნიკა მაჭუტაძის პარტიის მიერ მამუკა ბახტაძის ხელმოწერის შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს.