„კრაბ კოფის“ დამფუძნებლები, ქრისტი პირველი და ბარბარე როკიტა დიღმის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. მათ შენობა ცოტა ხნის წინ, კომენტარის გარეშე დატოვეს. ადვოკატის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალდებულს არ იცნობდნენ, დაკავებულ პირს ერთ-ერთ მოქალაქესთან კონფლიქტი ჰქონდა, რა დროსაც გოგონები სიტუაციის განსამუხტად მივიდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, დაკავებულია ერთი პირი. შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კრაბ ქოფის“ დამფუძნებლებს, რომლებიც რუსთაველზე ყოველდღიური აქციების მიმდინარეობის დროს პროტესტის მონაწილეებს ყავით უფასოდ უმასპინძლდებოდნენ, ქუჩაში თავს დაესხნენ. მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში თავად ქრისტი პირველმაც დაწერა. „მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თანადგომისთვის ყველას გეფერებით და გვიყვარხართ ჩვენ არაფრის გვეშინია, სახლში ვართ უკვე, ველოდებით გამოძიებას, სამწუხაროდ დეტალებზე საუბარი არ შემიძლია სანამ გამოძიება მიმდინარეობს. დაზიანებებს რაც შეეხება წინა კბილის ღრძილის მოტეხილობა მაქვს მე და იმპლანტი მჭირდება, ბარბის ცხვირი აქვს მოტეხილი და დილით ჩაუტარდება ოპერაცია.“- დაწერა ქრისტი პირველმა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა კომენტარი „თბილისში, ერთ-ერთ უბანში, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაკავებულია 1 პირი.“- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.