გამოკითხვა პოლიციაში

გვიან ღამემდე გაგრძელდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების გამოკითხვა ბოლნისის პოლიციაში. ამასთან, ექსპერტიზა ჩაუტარდა ავტომობილს, რომელსაც პარტიის წარმომადგენელთა მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. „ნაციონალური მოძრაობის„ აქტივისტების ადვოკატი ამბობს, რომ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით უნდა წარიმართოს.  ინფორმაციას მომხდარის შესახებ კატეგორიულად უარყოფს „ქართული ოცნების„ მაჟორიტარობის კანდიდატი. გოგი მეშველიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სოფელ ჯავშანიანში მომხდარი ინციდენტის გადაფარვას ცდილობს. პარალელურად, სამართალდამცველებმა სოფელ ჯავშანიანში მერიის წარმომადგენელი მამედ შალიმოვი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს ზეწოლასა და დაშინებაში ადანაშაულებს, უკვე გამოკითხეს. დაწყებულია გამოძიებაც.