გამოკითხვა პოლიციაში

საქართველოს პირველი არხის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შემოსულ ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ ბერძენიშვილი და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე გამოკითხეს. თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, გამოძიებას მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს. გიორგი გვიმრაძის თქმით, ზარის განმახორციელებელი პირი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.  საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ზარი ბომბის არსებობის შესახებ გუშინ შემოვიდა. შენობიდან განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია.  პირველი არხის შენობაში სამართალდამცველები ოთხ საათზე მეტ ხანს მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ გამნაღმველები. საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიოეთერი შეფერხების გარეშე მუშაობდა. შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ ცრუ აღმოჩნდა. საქართველოს პირველი არხი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.