გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით
საბოტაჟის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება გრძელდება. ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე ორგანიზაცია „ფროსფერითი ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ლაშა არველაძე იმყოფება. მანამდე კი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი გამოიკითხა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, კითხვები ძირითადად ორგანიზაციის საქმიანობასა და ასევე გარკვეულ დონორებსაც შეეხებოდა. მისი განცხადებით, ორგანიზაციას არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ განუხორციელებია. საქმის პროკურორის განცხადებით კი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა და პოლიტიკოსებმა ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშზე სხვადასხვა რაოდენობის თანხა ჩარიცხეს.
როგორც ლაშა კოტრიკაძემ განმარტა, ორგანიზაციამ აქციის მონაწილეების ჯარიმებში ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა. პროკურატურამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები 27 აგვისტოს დააყადაღა.