გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში 

ექვსი წლის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში გიორგი გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოძების საგანი ხდება.

საქმე ეხება 2019 წლის აგვისტოში ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში განთავსებულ ქართულ საპოლიციო საგუშაგოს. პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება – ვახტანგ გომელაურის შემდეგ დღეს უწყებაში მივიდა ალექსანდრე ტაბატაძე, რომელიც მაშინ სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. გომელაურის მსგავსად, ტაბატაძემაც თქვა, რომ გახარიას გადაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებული არ იყო. მმართველი გუნდის მაღალჩინოსნების შეფასებით, საგუშაგოს დადგმამ ადგილზე ვითარება გააუარესა, ტყის და საძოვრების ნაწილი კი საოკუპაციო ზოლს მიღმა აღმოჩნდა. ბლოკ-საგუშაგოს გახსნის თანმდევ მძიმე პროცესებზე რამდენიმე დღის წინ ჩორჩანას მკვიდრმაც ისაუბრა, რომლის განცხადებებმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას ექს-პრემიერის მიმართ დამატებითი კითხვები გაუჩინა – გახარიას კომისია კიდევ ერთხელ იბარებს.

ჩორჩანას 6 წლის წინანდელ მოვლენებს მცოცავი ოკუპაციის შეჩერებად აფასებს, დაწყებულ ძიებას კი პოლიტიკურ დევნად აცხადებს გახარიას გუნდი. აქცენტი კეთდება იმ ფაქტზეც, რომ სადავო გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი პრემიერის პოსტზე წარადგინეს.