გამოხმაურებები ფარული ჩანაწერის გავრცელების საქმეზე

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელებაზე ერთიანი პოზიცია აქვს პოლიტიკურ სპექტრს. როგორც უმრავლესობისთვის, ისე ოპოზიციისთვის, მსგავსი მოქმედება მიუღებელია. პარლამენტის თავმჯდომარე სამართალდამცველებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. ირაკლი კობახიძე ამბობს. რომ უკვე ჰქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან და საქმეს თავად ის ბოლომდე გაყვება. ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე ლაპარაკობენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას ეხმაურება ეკა ბესელიაც.  დეპუტატი სამართალდამცველებს  ფაქტის დაუყონებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს. ვრცელ განცხადებაში დეპუტატი მის მიმართ განხორციელებულ ტერორსა და თავდასხმებზე საუბრობს და აღნიშნავს რომ  ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელებას განცხადებით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ამბობს. „პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია. საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია”, – სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.