გამოხმაურება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებზე

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ყაზახეთში რუსეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვა წევრი სახელმწიფოების სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერებმა გააკეთეს. როგორც აშშ-ის საგარეო უწყებაში ამბობენ, ვაშინგტონი ელოდება არგუმენტირებულ პასუხს, „რა საჭირო იყო ყაზახეთში სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნა“. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ყაზახეთი ფლობს საკმარისს რესურსს, ქვეყანაში წესრიგი თავად დაამყაროს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან ყაზახეთში ადამიანის უფლებების ნებისმიერ დარღვევას ან ყაზახეთის ინსტიტუტებზე თავდასხმებს. შეგახსენებთ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები ყაზახეთში ქვეყნის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე გააგზავნეს. ყაზახეთში უკვე ჩავიდნენ რუსი და ბელარუსი ე.წ. მშვიდობისმყოფელები. როგორც ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, სამშვიდობოები ყაზახეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.