გამოხმაურება თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე 

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებას შეფასებები მოჰყვა მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ის ხელისუფლების მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში ცვლილების მომხრეა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებას გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილიც. მისი შეფასებით, აჯანყებასთან დაკავშირებული განცხადება, სერიოზული არ არის და ამით შეიძლება, მხოლოდ დამატებითი საბაბი მიეცეს „ქართულ ოცნებას“ იმის სათქმელად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციას ამზადებს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, პარტიაში აცხადებენ, რომ აჯანყებაზე საუბარი არასერიოზულია.

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გუშინ განაცხადა, რომ ის მომხრეა, საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება. მისი განმარტებით, აჯანყება მრავალათასიან ტალღას გულისხმობს, მოედანზე დარჩენით, ჩანაცვლებით და იქ ყოფნით. ჩარკვიანის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს ფანჯრები ამოუქოლეს და ეს არის წამების ფორმა.