გამოხმაურება სოციალურ ქსელში ირანის ელჩის გამოქვეყნებულ პოსტზე
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოში ირანის ელჩს მოუწოდებს, დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს. როგორც სამხარაძე საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, პირველი შემთხვევა არ არის, როცა ირანის ელჩი ორაზროვან განცხადებას აკეთებს, მათ შორის ისტორიულ ფაქტებთან მიმართებაში. დეპუტატის თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში დაბრუნდება, მასთან ამ საკითხის განხილვა მოხდება. შეგახსენებთ, რომ – ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის ფეისბუქ პოსტზე, სადაც ის წერს: „დედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში, ირანის საელჩოს ფასადზე, ამ საღამოს თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი, დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა. ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ, დღემდე, არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს. მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს. წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ, საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე. შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“. –