გამოხმაურება აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, პარტნიორებისგან რჩევებს ხშირად იღებენ და ითვალისწინებენ, თუმცა მისი თქმით, სამწუხაროდ, არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მათი მხრიდან არასამართლიან შეფასებებს ისმენენ.

ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას გააკეთა. როგორც კობახიძე ამბობს, ასეთი განცხადებები, დასავლელი პარტნიორების მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას არყევს.

კობახიძის ამ განცხადებას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე შანტაჟად აფასებს. ნიკა მელია მიიჩნევს, რომ კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს დასავლელ მეგობრებს, რომ ისინი ამ კრიტიკით საქართველოს საზოგადოების ნდობას დაკარგავენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საელჩოს განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით მმართველმა პარტიამ მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა.