გამოფენა თსუ-ს ბიბლიოთეკაში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში, ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ბორჯომის კოლექციის გამოფენა გაიმართა. ღონისძიება ბიბლიოთეკარის დღეს მიეძღვნა. ეს სწორედ ის კოლექციაა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა საგანძურთან ერთად გაიტანა საზღვარგარეთ და შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. კოლექციაში არის წიგნები ბოტანიკაზე, საქართველოს ეკლესიასა და ქართველ წმინდანებზე, ასევე საფრანგეთის ისტორიასა და ხელოვნებაზე. ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით, თსუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, მეცნიერ ოთარ ჯაფარიძის მემორიალური კაბინეტიც გაიხსნა, რაც მიზნად ისახავს მისი სამეცნიერო მოღვაწეობის პოპულარიზაციას. ოთარ ჯაფარიძე იყო თსუ-ს ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის გამგე, შემდეგ ამავე კათედრის პროფესორი, 1991 წელს კი – ასრულებდა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას. ის იყო 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ოთარ ჯაფარიძის პირადი ბიბლიოთეკა, არქივი და მემორიალური ნივთები, მისმა ოჯახმა 2020 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა.