გამოფენა „პატრიარქი ილია მეორე“

ილია მეორის ეპოქალური მოღვაწეობის ამსახველი ექსპოზიცია.

ეროვნული არქივი საქართველოს 141-ე პატრიარქისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს. საგამოფენო სივრცეში თავმოყრილია იმ ისტორიული მოვლენების ამსახველ მასალები და დოკუმენტები, რომლებშიც უწმინდესის და უნეტარესის როლი ფასდაუდებელია. მათ შორის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, რომელიც სწორედ კათოლიკოს-პატრიარქის მრავალწლიანი მუშაობისა და დიდი ძალისხმევით მოხერხდა. წარმოდგენილია უნიკალური ფოტომასალაც.

დამთვალიერებელი პირველად ნახავს იმ შესამოსელსაც, რომელიც პატრიარქს ისტორიული მნიშვნელობის დღეებში, ინტრონიზაციის და ტომოსის მიღებისას ემოსა. ექსპოზიცია, რომელიც საგამოფენო სივრცეში თვეზე მეტხანს დარჩება, საზოგადოებას ერისა და ეკლესიის წინაშე უწმინდესის განსაკუთრებულ ღვაწლს და სამშობლოსადმი გამორჩეულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ შეახსენებს.