გამოძიება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ 

მეორე დაკავება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე. კობა ხუნდაძის შემდეგ დაპატიმრებულია სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი. ანდრია ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან. გამოძიება ამ დრომდე არ ამბობს, რას უკავშირდება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, რომელთა ფარგლებში ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და ყოფილი მაღალჩინოსნების სახლები გაჩხრიკეს. ახლა საინტერესოა, რას იტყვით მთავრობის ყოფილი მეთაური, რომელიც გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს. ადვოკატის განცხადება სუსის გუშინდელი ბრიფინგის შინაარსს არ ემთხვევა. დაცვის მხარე აანონსებს, რომ ექსპრემიერი უახლოეს დღეებში თავად ისაუბრებს. რას ედავებიან ღარიბაშვილს, რომელიც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მმართველ პარტიას ხელმძღვანელობდა, პრემიერის პოსტს კი ორჯერ იკავებდა და არის თუ არა დაწყებული ძიება რაიმე კავშირში იმ საქმეებთან, რომლებზეც ბრალი თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილ მოადგილეს აქვთ წაყენებული – ამ ეტაპზე ოფიციალურად ცნობილია მხოლოდ ის, რომ მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი გუშინ საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით იმყოფებოდა.