გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე

გვიან ღამით დასრულდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა. ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ კუთვნილი ტექნიკა ჩამოართვეს. ბექა ვარდოსანიძის თქმით, პირს, რომელმაც მისი ელექტრონული ფოსტიდან მუქარის შემცველი წერილი გაგზავნა, შესაძლოა, პოლიტიკური ანგარიშსწორება სურდეს. ადვოკატი კი ამბობს, რომ ჯერ ვერ დადგინდა, საიდან იყო ელექტრონული შეტყობინება გაგზავნილი. გამოძიების ინფორმაციით, ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები ძალოვან უწყებებში, ასევე ტელეკომპანია „იმედში“ გაიგზავნა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ელექტრონული ფორმით გაგზავნილ წერილებში ავტორად ბექა ვარდოსანიძეა მითითებული, დასახელებულია კონკრეტული ადგილებიც, სადაც, ტექსტების მიხედვით, ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო განთავსებული. სახლისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შემდეგ, ბექა ვარდოსანიძე მოწმის სტატუსით გამოკითხეს.