ხელისუფლების კრიტიკა და რიტორიკა მკაცრდება კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მისამართით.
საუბარია „სამართლიან არჩევნებზე“, რომელსაც რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ მიმართა. საგამოძიებო უწყება „ისფედისგან“ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგების და შესაბამისი მასალების მიწოდებას ითხოვს. როგორც ირკვევა, მიმართვა თვეების წინ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. „ისფედი“ მასალების გადასაცემად დამატებით დროს ითხოვს, რაც ხელისუფლებას კითხვებს უჩენს. მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ ორგანიზაციამ შესაძლოა, შედეგების ფალსიფიცირება მოახდინოს. ამ ეჭვებს „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის არჩევნების შემდეგ გამოვლენილი უზუსტობა და ის გარემოებაც უმყარებს, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ „ისფედმა“ პარალელური დათვლის შედეგების და ცესკო-ს მონაცემების დამთხვევა დაადასტურა, თუმცა საკუთარი შედეგების გასაჯაროებაზე უარი თქვა. მოტივად წინასაარჩევნოდ და არჩევნების დღეს გამოვლენილი დარღვევები დასახელდა.