გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე

გენერალური პროკურატურა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისგან“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების გადაცემას ელოდება. დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე ორგანიზაცია უკვე მეხუთე თვეა უარს ამბობს, თუმცა გუშინ განაცხადეს, რომ მასალას პროკურატურას მიაწვდიან. ინფორმაცია „სამართლიანმა არჩევნებმა„ „ფეისბუკ“-განცხადებით გაავრცელა, რასაც მალევე ორგანიზაციის დირექტორის სტატუსიც მოჰყვა. არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიებას არ ენდობიან ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ პროკურატურა საქმეს გამოიძიებს ისე, როგორც „ქართული ოცნების“ ინტერესშია. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კითხვის ნიშნებს აჩენს „სამართლიანი არჩევნების“ ქმედება, რადგან ორგანიზაცია ამ დრომდე არ აგზავნის აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურაში. უმრავლესობის წევრების თქმით, გაგზავნის შემთხვევაში ყოველგვარი ეჭვი არჩევნების შესახებ გაქარწყლდება.