საქართველოს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ წერილს გამოცემა Responsible Statecraft ეხმაურება. სტატიაში ვკითხულობთ:
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის წერილი ტრამპისადმი ვაშინგტონს სტრატეგიული კავშირის აღდგენისკენ მოუწოდებს, მასში უგულებელყოფილი მეგობრის ტონი იგრძნობა, როდესაც აშშ-ის მხრიდან ყურადღების ნაკლებობას უსვამს ხაზს. „ბაიდენის ადმინისტრაციისა და ლიბერალური ისტებლიშმენტის მიერ „პრორუსულ“ ძალად შერაცხული და იზოლაციაში მოქცეული მმართველი პარტია ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მხარეების არჩევა სავალდებულო არ არის. ეკონომიკური მიზეზების, მაგრამ აგრეთვე თვითგადარჩენის მოტივის გამო, საქართველოს არ სურს, რომ მსხვილ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში იძულებული გახდეს, რომელიმე მხარეზე არჩევანი გააკეთოს. შესაძლოა, პრეზიდენტ ყაველაშვილის ღია წერილი დონალდ ტრამპისადმი სწორედ მზარდი ჩინური გავლენის დაბალანსების მცდელობა იყოს“, – ნათქვამია სტატიაში. ავტორი იან პრაუდი აღნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არასდროს ყოფილა წარმოდგენილი.
სტატიაში ასევე ყურადღებაა გამახვილებული საქართველოსთვის სანქციების დაწესების მოთხოვნასთან დაკავშირებით. აქამდე გაუგებარი რჩება, რას ემსახურება საქართველოსთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჩინეთთან უფრო მეტად დაახლოებისკენ უბიძგებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო თანმიმდევრულად იქცეოდა და თავს იკავებდა ევროპის მაგალითს მიჰყოლოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით. „ეს არაა გამოწვეული რუსეთისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, არამედ – პრაგმატიზმით. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაძაბული რჩება და სხვადასხვა ჯგუფის მიერ საქართველოს მთავრობისთვის პრორუსულის წოდებას ინტელექტუალურ ზარმაცობას უწოდებს. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას ატარებს. ავტორი ყურადღებას ამახვილებს „შუა დერეფნის“ განვითარებაზე.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო აშკარად მიისწრაფვის, გაკვალოს საკუთარი გზა, რაც მოიცავს პირველ რიგში საკუთარი ეროვნული ინტერესების დაყენებას და შემდეგ იმ საკითხების გადაჭრას, რაც ამჟამინდელ მთავრობას დასავლეთის ქვეყნების მიერ რეჟიმის შეცვლის მცდელობებად მიაჩნია. გამახვილებულია ყურადღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით. ავტორი აღნიშნავს, რომ გაწევრიანების გზა კვლავ შეჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა კვლავ გამოხატავს მზადყოფნას მათი პირობების გათვალისწინებით ეს კურსი გააგრძელოს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაკვირი არაა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის აღდგენას სამხრეთ კავკასიაში მისი მეზობლების მსგავსი პირობებით ცდილობს, – წერია Responsible Statecraft-ის სტატიაში.